ელისაშვილი: პარტია “მოქალაქეების” სახელით საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქნები

817

პოლიტიკური გუნდის “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ისინი არიან მისი ძალაც, ღონეც და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

“მინდა ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში 2014 წელს მოხდა, როდესაც მე საბურთალოელებმა დამოუკიდებელ კანდიდატს და დამოუკიდებელ პოლიტიკოსს მხარი დამიჭირეს.

დიახ, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია “მოქალაქეების” სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო” , – განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს, ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ პრეზენტაცია გამართა.

2018 წლიდან ელისაშვილი „სამოქალაქო მოძრაობას“ ხელმძღვანელობდა. არის გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, იყო საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, 2017 წელს კი მონაწილეობა მიიღო თბილისის მერის არჩევნებში.

საბურთალოს საარჩევნო ოლქში მისი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო იქნება. „ევროპულ საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.