70-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე – ხელისუფლებისგან მივიწყებული სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

627

ქობულეთის შემდგომ ხელვაჩაური. უწყლობის პრობლემა ქვედა ჯოჭოში მცხოვრებლებს წლებია აწუხებთ. ჯერ იყო და კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჭირდა ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ახლა კი ზაფხულის  მცხუნვარე ამინდების ფონზე იტანჯებიან ადამიანები სასმელი წყლის გარეშე. წლების განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერია ვერ რეაგირებს, – ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ამ მილიდან სასმელი წყალი მხოლოდ იმ შემთვევაში მოდის თუ კი წინა დღით იწვიმა. ამ გარემოების გამო, ქვედა ჯოჭოში, მცხოვრები 70-მდე კომლი მეტწილად წყლის გარეშეა. ასეთ პირობებში კი მეათე წელია ცხოვრობენ.

პრობლემა ხელვაჩაურის მერიისთვის ცნობილია, თუმცა ადგილობრივთა თქმით, ისინი ხელისუფლებისგან მივიწყებულები არიან. დაპირებებს ყოველი არჩევნების წინ ისმენენ, თუმცა მათი პრობლემის მოგვარებისთვის არაფერი კეთდება. დღეს სოფლის მოსახლეობა წყლის რეზერვუართან კიდევ ერთხელ შეიკრიბა. აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ სოფელში ჯამში 4 წყლის ავზია მათგან ერთ-ერთი, საიდანაც მათ სასმელი წყალი უნდა მიეწოდებოდეს ხშირად ცარიელია.

ხელვაჩაურის მერიაში ამ ეტაპზეც დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ. ირკვევა, რომ სასმელი წყლის რეზერვუარები წყაროს წლებზეა დამოკიდებული, შესაბამისად მარაგი მხოლოდ უამინდობისას არის.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში პრობლემის მოგვარებისთვის ამ ეტაპზე შესაბამისი თანხა არ არის გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ სოფელი სასმელი უწყვეტი სასმელი წყლით სექტებრიდან მომარაგდება.