აჭარის უმაღლესი საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მას ბრალად ედება ბიძინა ივანიშვილის ქონების დაზიანება, კერძოდ, შეკვეთილში საცხოვრებელ სახლთან განთავსებული ვიდეო-თვალის.
ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-ჩანაწერები და მტკიცებულებები, რისი გამოყენების შესაძლებლობა სასამართლოში არ ეძლევა, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
„გასულ წლის 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ვაპროტესტებდით, სადაც კარვებიც გვქონდა გაშლილი და ჩემს თანაგუნდელებთა ერთად ვიმყოფებოდი. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი კარვები იყო გაშლილი, კამერები დაამონტაჟეს, ბუნებრივია, ვაპროტესტებდით ამ ფაქტსაც, რადგან გადაღება მიმდინარეობდა ყველაფრის.
მოვითხოვეთ კამერების მოხსნა, თუმცა, კამერებს ფიზიკურად ჩვენი მხრიდან არავინ შეხებია. რაღაც პერიოდის შემდეგ კამერა თავად ჩამოიწია დაბლა და დავარდა, ეს დაგვაბრალეს ჩვენ და საქმე აღძრეს, თითქოს კამერა დავაზიანეთ.
ექსპერტიზის დასკვანც კი სიცრუეა, იაფასიანი კამერა თითქოს 600 ლარი ღირდა და ჩვენ დავაზიანეთ, ბიძინას მივაყენეთ 600 ლარის ზარალი – ცხადია, ძალიან სასაცილოდ ჟღერს.
ივანიშვილის მთავარი მიზანი არის, რომ სასამართლომ მე გამამტყუნოს და ამით უფლება მიეცეს აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ მე უფლებამოსილება შემიწყვიტონ. მათი აზრით, საბჭოში მე საფრთხეს წარმოვადგენ. ველოდებით გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.