“წყალი ჩამოტარებით” წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში

486

წყალტუბოს სოფელ ბანოჯის მოსახლეობას წყალი ონკანის ნაცვლად წყალმზიდებით მიეწოდება. ადგილობრივების წყლით უჩვეულო “უზრუნველყოფას” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრი უზრუნველყოფს.

იმის გამო, რომ სოფელში წყლის მილები უხარისხოა, წყალმზიდი მანქანა მოსახლეობას ყოველდღიურად აკითხავს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ გაკეთებული მილები უხარისხოა და მალევე დაზიანდა. ამის გამო, წყალი ონკანებამდე ვერ აღწევს. განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა იქ, სადაც სოფლის მკვიდრები გეოგრაფიულად მაღალ ადგილზე ცხოვრობენ და წყლის ნაკადის სიმძლავრე საკმარისი არ არის.​ წყალმზიდი სოფელში ყოველდღიურად დადის, თუმცა, როცა ტექნიკური შეფერხებაა, ადგილობრივები წყლის გარეშე რჩებიან.

როგორც ირკვევა, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში ჯერ სატუმბი სადგური უნდა გაკეთდეს, თუმცა, არც ამის შემდეგ გადაიჭრება საკითხი ბოლომდე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, ბექა ბარბაქაძის თქმით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგაც, რომელიც ზედაპირული ქსელის მოწყობას გულისხმობს, წყლით სარგებლობა დამატებით მხოლოდ 20%–ს შეეძლება. რამდენიმე მოსახლე კი, კვლავ წყლის გარეშე დარჩება.

“დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა და როგორც კი ჩამოგვივა თბილისიდან მასალები, დავიწყებთ რეაბილიტაციას. ჯერ ზედაპირული ქსელი მოეწყობა. ამის შემდეგ წყალი კიდევ 20%–ს მიეწოდება და დარჩება რამდენიმე კომლი რომელთა პრობლემაც უფრო რთულია. მათ შემთხვევაში ჯერ მილები უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება წყალმომარაგება. მანამდე, ჩვეულებრივ, წყალმზიდებით მივაწვდით. ახლა, ბანოჯის მოსახლეობის 70% უწყვეტად იღებს წყალს”, – ამბობს ბექა ბარბაქაძე.

ზუსტი ვადა, თუ როდის დასრულდება სამუშაოები უცნობია. მანამდე ბანოჯის მოსახლეობას სასმელი წყლის მისაღებად კვლავ წყალმზიდისთვის ლოდინი ან წყაროზე სიარული მოუწევს, რომელიც სოფლიდან ერთ კილომეტრშია.