კახეთის მხარეში, სოფელ წინანდალში, პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში წყლის რესურსების რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირის მხარდაჭერით, ვმუშაობთ სააუზო მართვის პრინციპების დამკვიდრებასა და სააუზო მართვის გეგმის შემუშავებაზე. ალაზანი-იორის მდინარის სააუზო მართვის გეგმის განხილვაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რათა მოხდეს წყალსარგებლობის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა გათვალისწინებაც გააუმჯობესებს წყლის რესურსებზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სხვადასხვა სექტორის წვდომას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტის განმახორციელებელმა საქართველოში, ზურაბ ჯინჭარაძემ, დაინტერესებულ მხარეებს ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები წარუდგინა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა იმსჯელეს ალაზანი-იორის მდინარის აუზში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.
საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.