ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე ახლადდამონტაჟებულ ავტობუსის მოსაცდელში წვიმა ჩამოდის

527

ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე ახლადდამონტაჟებულ ავტობუსის მოსაცდელში წვიმა ჩამოდის. ფაქტიურად შიგნით წვიმის დროს დადგომა და თავის შეფარება, შეუძლებელია. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

როგორც ადგილობრივები “გურიის მოამბესთან” ყვებიან, ახლად დამონტაჟებული მოსაცდელი მხოლოდ ბუტაფორიაა. მხოლოდ  ორ კაცზეა გათვლილი და წვიმის დროს შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ.

“აჩონჩხლეს და დადგეს ამხელა მოსაცდელი, ორი კაცის მეტი ამ სკამზე არ ეტევა, წვიმს გარეთ და აქაც გვაწვიმს თავზე. თუ ხალხისთვის ირჯებოდნენ, უკეთესის გაკეთებაც შეიძლებოდა.”- გვითხრა, ერთ-ერთმა უკმაყოფილო ქალაქის მაცხოვრებელმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, გთავაზობთ მათ კომენტარს სრულად:

“აბაშიძის ქუჩაზე მოსაცდელის მონტაჟი დასრულებული არ არის. დასამაგრებელია ძირი, სახურავის ნაწილი და სხვა დეკორაციები, რომელზეც მიებმება დენის წყარო, განათებები და განთავსდება სარეკლამო ბანერები. მოსაცდელის მონტაჟი უახლოეს დღეებში დასრულდება.”