ორიგინალური არტობიექტები გურჯაანის საზღვრებთან

708

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ორ შემოსასვლელში არტობიექტები გაკეთდება. როგორც გურჯაანის მერის მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, იდეის ავტორი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილია. ამის შესახებ სპექტრი წერს.

„ყველა წამოწყებას თავისი ინიციატორი ყავს, ეს პროექტი ჩვენს დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. როგორც გაირკვა, ბევრ ადამიანს თურმე, კაჭრეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჰგონია. ანუ სად იწყება და მთავრდება გურჯაანი არ იციან. აქედან წარმოიშვა იდეა, რომ საზღვრები არტობიექტებით გამოვყოთ. ბატონმა დავითი შეხვდა ჩვენს სახელგანთქმულ მოქანდაკეს – ზურა ჯოხაძეს, რომელმაც თავისი ხედვები გაგვიზიარა და ჩანახატებიც გვაჩუქა“, – ამბობს ზავრაშვილი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს სულ ექვსი შემოსასვლელი აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მათგანის გაკეთება მოხერხდება:

„კოვიდმა ყველაფერზე იმოქმედა, დროც გადაიწია და საშუალებაც აღარ არის. მარტო სასურსათო პაკეტებზე ძალიან დიდი თანხა წავიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მხოლოდ ორ შემოსასვლელში გავაკეთოთ: თელავის და თბილისის მხრიდან. გვინდოდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი, აქცენტი გაკეთებულიყო, რომ ჩვენ ვართ მეღვინეობის მუნიციპალიტეტი. ამ მიზნით, მერიაში შეიქმნა კომისია, რომელშიც შედიოდნენ ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, კულტურის სამსახურების წარმომადგენლები და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. მოეწყობა სხვადასხვა არტობიექტები კახური ქვევრების, კავკასიონის ხედით და გურჯაანისთვის დამახასიათებელი სხვა შტრიხებით.“

თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, უკვე გამოვლენილია პროექტანტი. მოხდება ხარჯთაღრიცხვა, პარალელურად მიმდინარეობს ადგილის შერჩევა, სადაც უნდა განთავსდეს კონსტრუქციები. არტობიექტები ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილობრივ კი მოძიებული თანხებით გაკეთდება.