დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

604

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობას კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოების ჩატარება 2019 წელს ბაღის შენობაზე აღმოჩენილი ბზარების შედეგად გახდა აუცილებელი. საბავშვო ბაღის საძირკვლისა და შენობის გამაგრების პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მომზადდა.

„დღეს, დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები დავათვალიერეთ. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი. საბავშვო ბაღში 2019 წელს გათბობის სისტემის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წესის დაცვით ხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 ბაღიდან დღეს თანამედროვე სტანდარტებს 11 შეესაბამება. სკოლამდელი განათლება ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ საბავშვო ბაღებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეძლებს.