31 ივლისის მდგომარეობით, თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება.
„31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება.
უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება“, – აცხადებენ უწყებაში.