კრწანისის რაიონში 5 ნოემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება

581

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით, აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის 5 ნოემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის პარტნიორია კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია. ფორუმზე მოწვეული იქნებიან აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებიდან, როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ფინანსები, დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და ა.შ.

„ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კერძო კომპანიების წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გაესაუბრონ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელსა და დაინტერესების შემთხვევაში გაუზიარონ პირადი ინფორმაცია. დამსაქმებლები კი კომპანიის არსებულ ვაკანსიებს შესთავაზებენ აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

დასაქმების ფორუმში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი კერძო კომპანიები როგორიცაა: შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს სამედიცინო ცენტრი „ციტო“; სს „გეფა“; „მეიჯერელი“; „გორგია“; სს „ევექსი კლინიკები“; HR Center; სს „გუდვილი“; Carrefour Georgia; შპს „ოდისეა“; „ნიუ ჰოსპიტალი“; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი 13.00 საათზე საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობაში (თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 ) გაიმართება.