ხელვაჩაურის მერის განცხადებით, მისთვის უცნობია რა ბრალდებით დააკავეს მერიის თანამშრომლები

601

წინა სტატია

ხელვაჩაურის მერიის ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები უწყებაში იმყოფებოდნენ და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დოკუმენტაციები წაიღეს.

ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ბრალდებით დააკავეს თანამშრომლები.

„ოფიციალური ცნობა არ მოსულა, არცერთი ორგანოდან. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომელის დაკავება მოხდა. მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოდან და დოკუმენტაცია წაიღეს, რომელიც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით იყო“, – განაცხადა მან.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს თ.მ.-ს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს რ.ვ.-ს.