ამერიკის ელჩი: მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე დაშინების გარეშე მივიდეს

722

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულან, ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრაზე, წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა და არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ის ცვლილებები, რაც საარჩევნო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანია, თუმცა, რეკომენდაციების ბოლომდე გათვალისწინება არ მოხდა. ელჩის თქმით, ახლა ჯერი იმაზე დგას, რამდენად თავისუფლად შეძლებს ამომრჩეველი არჩევანის გაკეთებას.
“ძალიან მოხარული ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებმა არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს გვქონდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ჯერია იმაზე, თუ როგორ მოხდება ამ ცვლილებების პრაქტიკაში ასახვა. იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაშინების გარეშე მივიდეს არჩევნებზე და ჰქონდეს იმ შედეგის ნდობა, რაც დადგება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე, ასევე, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.