ცხოვრება სიცოცხლისთვის რისკის შემცველ გარემოში. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის 52 ნომერში არსებული სახლი ყოველდიურად ინგრევა. შენობას უკვე ჭერი აღარ აქვს. დარჩენილი კედლებიდან კი ქვები ცვივა. საცხოვრისის მეპატრონე იძულებულია თავი იქვე არსებულ სარდაფს შეაფაროს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეთში ნათქვამია, რომ ეს ჩამონგრეული ჭერი, უკანასკნელი დაზიანებაა, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩის 52 ნომერში მდგარმა სახლმა გუშინ მიიღო. იტალიურ ეზოში, ორსართულიანი სახლი მაცხოვრებლებს, ნელ-ნელა თავზე უკვე სამი წელია ენგრევათ. დაპირების მიუხედავად, მერიამ შენობა არც სიძველით ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გაამაგრა და არც სხვა ფორმით გაუწია დახმარება. შენობას, მერიამ სიმაგრისთვის, მხოლოდ რკინის ჯებირი შემოავლო, არადა ძველისძველ სახლს, უკვე ქვები სცვივა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, საფრთხე ეზოში არსებულ სხვა მაცხოვრებლებსაც უქმნის.
შენობას სამი მესაკუთრე ჰყავს. მათგან ერთ-ერთი, მერიამ სამი წლის წინ, იქვე, ეზოში განთავსებულ სარდაფში შეასახლა და ათი ათასი ლარიც გამოუყო, თუმცა დიასახლისი ამბობს, რომ თანხა სახურავის შესაკეთებლადაც არ ეყო. იმის გამო, რომ კედლების ნანგრევები ეზოში ერთ დიდ გორადაა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ქვეწარმავალიც გაჩნდა.
„მუნიციპალური სერვისების სააგენტოში“ ამბობენ, რომ შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სახლის 80 პროცენტის მფლობელი თურქეთის მოქალაქეა, მერიას კი უნებართვოდ, შენობის დანგრევის უფლება არ აქვს.
შენობის მესამე მესაკუთრე გარდაცვლილია, მემკვიდრეები კი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ. იმ შემთხვევაში, თუ კი შენობა ინვესტორის გამოჩენამდე დაინგრევა, პრეტენზია არც გულნარა სალუქვაძეს გაუჩნდება, რადგან მას შემდეგ, რაც სარდაფში შესახლეს, მის საკუთრებად სწორედ ეს ფართი ითვლება.