ბორჯომის მერიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, მერიის სატენდერო კომისიამ სრულად არ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რის გამოც ტენდერში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საქმე ეხება ტენდერს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომსახურებისთვის გამოაცხადა.
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს „Project action“ და შპს „თბილგზაპროექტმა“ მიიღო. მიუხედავად იმისა რომ „Project action“–ის შეთავაზებული თანხა ნაკლები იყო, ვიდრე კონკურენტის, ბორჯომის მერიის სატენდერო კომისიამ „Project action“– ს არასრულად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
შპს „Project action“– მა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს 14 ივლისს მიმართა. კომპანიის საჩივარი დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯომის მერიის სატენდერო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს და პრეტენდენტის შერჩევა თავიდან მოხდება.
კანონით ბორჯომის მერიას დავების საბჭოს გადაწყვეტილების ერთი თვის ვადაში გასაჩივრების საშუალება აქვს, თუმცა როგორც უწყებაში “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, მერია არ აპირებს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და „Project action“-ის ტენდერში მონაწილეობის საკითხს ხელახლა განიხილავს