ასპინძის მერია, მდინარე მტკვარზე არსებული, „თავკვეთულას“ ეკლესიამდე მისასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს. მისი ღირებულება 77 604 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის სახელობის მამათა მონასტრამდე ამჟამად ბაგირზე დაკიდებული ხიდის მეშვეობით მიდიან. ახალი ხიდის მოსაწყობად ასპინძის მერიამ ტენდერი 20 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 31 ივლისიდან დაიწყება.
სამუშაოების 5% ადგილობრივი თვითმმართველობიდან, 95%-კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აღნიშნული პროექტისთვის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში მომზადდა.
ამ დროისათვის ადგილზე ლითონის საფეხმავლო ხიდია, „წყალდიდობის პერიოდში აღნიშნულ ხიდთან მისასვლელი სავალი ფართი წყლით იფარება და ხიდით სარგებლობა შეუძლებელია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მოეწყოს საქვეითო კიდული ხიდი, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“, – ნათქვამია სატენდერო დოკუენტაციაში.
ხიდზე ხალხმრავლობაა ყოველი წლის 11 სექტემბერს, მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.