კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

445
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და შემსრულებელ კომპანიასთან ერთად გელათი დაათვალიერა, მონასტერში დაზიანებული კრამიტიდან წყლის ჩასვლის შედეგად ფრესკების დაზიანებას არ ადასტურებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ფრესკებზე დაზიანებები ადრეც იყო და რომ თეთრი ნაწილები, რაც კედლებიდან ცვივა, მეოცე საუკუნეში შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. იგი მხატვრობასთან დაკავშირებით შეფასებებს გადაჭარბებულს უწოდებს.
“პირდაპირ გეტყვით, მხატვრობასთან დაკავშირებით შეფასებები გადაჭარბებულია. სადაც ჩამოცვენილი იყო ნაწილები, ეს არის მეოცე საუკუნის კონსერვაციის დროინდელი, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ დაზიანებები არ არის. გელათის მხატვრობას ყოველთვის ჰქონდა პრობლემები და ზუსტად ამას ველოდებოდით, რომ დასრულდებოდა სახურავის მოწყობა, რათა შემდგომ მოხდეს მხატვრობის სრული კონსერვაცია. დაზიანება ისედაც იყო სახურავის მოწყობამდე”, – განაცხადა ანთიძემ მონასტერში არსებული დაზიანებების დათვლიერებისას.