“კრამიტებმა ზამთარს ვერ გაუძლო” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტერზე

671

გელათის მონასტრის სახურავი ლურჯი ბრეზენტით არის გადახურული. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებს, გელათის მონასტრის სახურავზე, ქვედა კალთების კრამიტია დაზიანებული, რაც ზამთრის ყინვამ გამოიწვია.

ანთიძე განმარტავს, რომ დაზიანების შესახებ შეტყობინება თებერვლის დასაწყისში მიიღეს, მას შემდეგ კი ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა დაიყო. სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მონასტრის ფრესკების რაიმე ტიპის სერიოზული დაზიანებები არ ფიქსირდება.

“აქ არის ორი სახის კრამიტი, შიდა კალთებზე და ქვედა კალთებზე. ქვედა კალთების კრამიტებმა ზამთარს ვერ გაუძლო. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა. კვლევის ნაწილს ვენდეთ და ლაბორატორიამ თქვა, რომ კრამიტი გამძლეაო, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა. კრამიტი არის კირდუღაბზე დამაგრებული, რაც ძალიან გვიან შრება და დროთა განმავლობაში ბევრ რამეს ცვლის. დაკვირვება მიმდინარეობდა ამ პროცესზე და გამოვლინდა, რომ ამ კრამიტმა ვერ იმუშავა ამ კირთან. ახლა სხვა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. პრობლემები იდენტიფიცირებულია და მარტის თვიდან ოფიციალურად დაევალა შემსრულებელს, რომ ეს ყველა ხარვეზი იყოს აღმოფხვრილი. ჩვენი შეფასებითა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგით, მოხდა დადარება ფრესკების დღევანდელი რეალობისა და 2017 წელს გაკეთებული ფრესკების სკანირებული მასალის და ჯერ-ჯერობით სიმშვიდე გვაქვს,”- განაცხადა ანთიძემ.

​ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხარაჩოს მშენებლობა მიმდინარეობს, რათა შემდგომ დროებითი გადახურვა მოეწყოს.

“დღეს ადგილზე არის დროებითი ტენტი, რომ წყლის ჩადინება არ მოხდეს. ახლა მიმდინარეობს ხარაჩოს მობილიზება, რაზეც მოხდება დროებითი გადახურვა. ამის შემდეგ კი დაიწყება კრამიტის ეტაპობრივი გამოცვლა,”- განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.