14-დღიანი კარანტინის შემდეგ თურქი სპეციალისტები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაში ჩაერთნენ

584

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14- დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თუქრულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა.

„თურქული კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოში 6 ივნისს ჩამოვიდნენ. საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, კომპანიამ უზრუნველყო მათი სპეციალურ საკარანტინე ზონაში გადაყვანა. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, თურქმა სპეციალისტებმა განმეორებითი გაიარეს ტესტირება და ექიმის დასკვნის საფუძველზე პროექტებზე მუშაობას შეუდგნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა.

ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, დამატებითი რაოდენობის თანამშრომლები საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით ჩამოვიდნენ.

ამ დროისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეა.

ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.