ახალციხეში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მერია ოთხი პროექტის განხორციელებას გეგმავს

390

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მერია ოთხი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათგან სამის არქიტექტურული პროექტი უკვე მზადაა, ერთის შედგენაზე კი ტენდერია გამოცხადებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალგაზრდული ცენტრი, სპორტული კომპლექსი და კულტურის სახლი განთავსდება.

კულტურის სახლის შენობის საპროექტო დუკუმენტაციის შედგენაზე უწყებამ ტენდერი 22 ივლისს გამოაცხადა. საინჟინრო პროექტის შედგენისთვის მერია 32 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრის და სპორტული კომპლექსის არქიტექტურული პროექტები უკვე მზადაა. მერიაში ამბობენ რომ საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

რუსთაველის ქ. N124 – ის მიმდებარედ, ყოფილ სამხედრო დასახლებას, რომელიც მთლიანობაში 20 ჰექტრამდე ფართს მოიცავს, წლებია უფუნქციოდაა. 2018 წლამდე ტერიტორია შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა. 2019 წელს კი სამხარეო სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის დახმარებით, ახალციხის მერიას გადაეცა. აქ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ახალციხის მერიაში 2015 წლიდან საუბრობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ტერიტორიის ხელახალი განაშენიანება ვერ მოხერხდა.

2018 წელს, შვიდწლიანი მოთხოვნის შემდეგ ტერიტორიის ნაწილი მერიას საკუთრებაში გადაეცა.