ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დაითხოვა

503

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. გადაწყვეტილება 23 ივლისით თარიღდება და ბრძანებას ხელს არჩილ ჩიქოვანი აწერს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

1. ბათუმის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, 2020 წლის 17 ივლისიდან  უფლებამოსილება შეუწყდეთ მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს.

2. დაევალოს მერიის ადმინისტრაციას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, მერიის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების მომზადება.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სათათბირო ორგანოს წევრები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. კახა გუჩმანიძის თქმით, ეს არის არაჯანსაღი, არაადეკვატური და არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა.

საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს იყო პირადი ანგარიშსწორება, რადგან მას  არჩილ ჩიქოვანის დანიშვნასთან დაკავშირებით  კრიტკული შეხედულება ჰქონდა.

“პირდაპირ გეტყვით, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიაჩნია, რომ ეს არის თვითმმართველობის დასამარების წინაპირობა. ამიტომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის არაჯანსაღი და არაადეკვატური გამოცდილება, რაც ძალიან ცუდად აისახება სამომავლოდ მათ საქმიანობაზე.

დარწმუნებული ვარ ამის მიზეზია ჩემი შეფასებები, რომელიც მოყვა ქალაქის მერის გადადგომას და შემდგომ არჩილ ჩიქოვანის დანიშვნას, რომლის მეჯვარეც არის მთავრობის თავმჯდომარე. ეს იყო პირწმინდა ანგარიშსწორება, თუმცა კარგი იქნებოდა, ეს ანგარიშსწორება ყოფილიყო მხოლოდ ჩემზე. ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ საბჭოს ყველა წევრს შეუჩერეს უფლებამოსილება,” – განაცხადა კახა გუჩმანიძემ.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერს არ მიუღია, ეს იყო კანონის მოთხოვნა, რომელიც აღასრულეს. მისივე განმარტებით, სათათბირო ორგანო კონკრეტული მერის უფლებამოსილების ვადით მუშაობს და მისი წასვლის ან შეცვლის შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდება.

”ჩვენ არავინ დაგვითხოვია. მერის წასვლის გამო, მათ უფლებამოსილება შეუწყდათ. კვლავ გადაეგზავნებათ მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს წარადგინონ კანდიდატები. საბჭო იგივე პრონციპით დაკომპლექტდება, როგორც ადრე იყო. მათ შორის შესაძლებელია ისევ მოხვდნენ სათათბირო ორგანოს ძველი წევრებიც”, – განაცხადა ნუკრი დეკანაძემ.