ზესტაფონის მერია: სოფელ მარტოთუბანში, განახლებული გზით სარგებლობას 1 500-ზე მეტი ადამიანი შეძლებს

837

სოფელ მარტოთუბანში, განახლებული გზით სარგებლობას 1500 – ზე მეტი ადამიანი შეძლებს, – აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მარტოთუბანში. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 646 658 ლარია. რეაბილიტაციას გზის 2 კმ – მდე მონაკვეთი ექვემდებარება, სადაც ბეტონის საფარი ეწყობა”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, სატენდერო ვალდებულებით, გზის აღდგენაზე შპს „ალპედე“ მუშაობს. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, მარტივად შეძლებს, როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე სოფლის სხვა უბნებთან დაკავშირებას.

„სოფელ მარტოთუბნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, უმნიშვნელოვანესი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში, სასოფლო გზით 400 – მეტი ოჯახი სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე, ორ სოფელს, მარტოთუბანს და დილიკაურს აკავშირებს ერთმანეთთან. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებს გადაადგილებას“, -აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.