რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები განიხილეს და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-ს 51% წილი, გარკვეული პირობებით, აუქციონზე გასხვისდება, საფეხბურთო კლუბს უნარჩუნდება სპორტული -„ფეხბურთის“ პროფილი. წილის მყიდველი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს „საფეხბურთო კლუბი რუსთავის“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების შესაბამის ლიგებში მონაწილეობისთვის პირობების დაკმაყოფილება და პროლიცენზიის მოპოვება-შენარჩუნება, ასევე კლუბში უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა სკოლების, არანაკლებ მეორე კატეგორიის, სულ მცირე ერთი საფეხბურთო სკოლა.
“51% სხვისდება, რომელდაც ალბათ მოგეხსენებათ, რომ თან ახლავს ვალდებულებები. ეს არის წლის განმავლობაში 200 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელება. რაც რა თქმა უნდა ძალიან დადებითად აისახება თვითონ კლუბზე. და ასევე მინდა გავმიჯნო, რომ სხვისდება კლუბის 51% პროცენტი და არა სტადიონი და მასზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ეს იწვევს გარკვეულ უთანხმოებას. იქ არის ვალდებულება ჩადებული რომ არ უნდა დაიკარგოს პროფილი, არ უნდა დაიაკრგოს სახელი ,აუცილებლად რუსთავი უნდა შენარჩუნდეს და ის რომ 51% უნდა გასხვისდეს და ის ვალდებულება უნდა ჩაიდოს მინიმუმ 200 ათას ლარზე მაქვს საუბარი, მემგონი ძალიან ლოგიკურია და ძალიან დადებითია,” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა, ასევე დაამტკიცეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, XX-XXI მიკრორაიონების და ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 4260 კვ.მ. ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის გამო შეიქმნა ტრანსპორტის საკითხების, სპორტის და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფები, ხოლო უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა, ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს.