მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღმამედლოს და სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში საპირფარეშოების მოწყობისათვის ორი ტენდერი, 21 ივლისს, გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ადგილობრივ თვითმმართველობას ამავე სკოლებში საპირფარეშოს მოწყობის გაერთიანებული ტენდერი 30 ივნისსაც ჰქონდა გამოცხადებული. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „საერთაშორისო ბიზნეს აკადემიამ“ მიიღო, რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 69 500 ლარად შესთავაზა.
„სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს „საერთაშორისო ბიზნეს აკადემია“-ს მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „საერთაშორისო ბიზნეს აკადემიას“ მიენიჭოს დისკვალიფიკაცია,“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში
თავდაპირველი ტენდერისაგან განსხვავებით, მარნეულის მერიამ ამჯერად აღმამედლოს და შაუმიანის N3 სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის ტენდერი ცალ-ცალკე გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში, საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოების შესყიდვას 40 354 ლარად, ხოლო სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობის შესყიდვას 32 250 ლარად გეგმავს.
ტენდერებში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 31 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.