სამველ მანუკიანი: სხდომებზე სიტყვით ვერ გამოვალ, მაგრამ პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ

770

მოქმედი პარლამენტარი და „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, პარლამენტის სხდომებზე სიტყვით ვერ გამოდის, მაგრამ ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემები საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანოს. მისი თქმით, ასე გააგრძელებს გამარჯვების შემთხვევაშიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სამველ მანუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 20 ივლისს დაასახელა, იგი საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატია, და საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით 2016 წელს შევიდა.

ამბობს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, პარლამენტში სიტყვით არ გამოდის, თუმცა ცდილობს მის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

„პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან არ ვყოფილვარ აქტიური და ვერც ვიქნები, რადგან სახელმწიფო ენაზე საუბარი მიჭირს. არ მინდა, რომ დამცინონ. პარლამენტში 150 დეპუტატი ზის. უკვე თვეებია ვსწავლობ ქართულს და პერსპექტივა მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ სიტყვით გამოვიდე“, – ამბობს სამველ მანუკიანი.

იგი ამბობს, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა და მოსახლეობა სამუშაოდ წასვლას ვეღარ ახერხებს.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში მე ჩემი მოვალეობები შევასრულე. პრობლემები ბევრია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ხალხს გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და ჩვენც უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. ვფიქრობ, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც შეგვიძლია პოლიტიკაში ახალი ძალები შევიყვანოთ“, – ამბობს მანუკიანი.

მანუკიანს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს: „თუ ამირჩევენ ვიმუშავებ გულწრფელად, დემოკრატიულად, თითოეული ადამიანის ხმას მივიტან ხელმძღვანელობამდე. არ ვიცი კონკურენტი ვინ მეყოლება, მაგრამ ვიცი, რომ ჩავატარებთ ძალიან სამართლიან არჩევნებს, ვინც მოიგებს, მოიგებს“, – ამბობს სამველ მანუკიანი.

სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 6 ნოემბერს. დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი სპეციალობით სამოქალაქო შრომის სამართალი. 2009–2016 წლებში იყო შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი, 1997–2008 წლებში ფლობდა საწარმოს „სამველ მანუკიანი“ .

2017 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ და აგრარულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 45 ათასი ლარი.

ამ ეტაპზე [21 ივლისი] „ქართული ოცნების“ გარდა კანდიდატი ოფიციალურად არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს დასახელებული.