ქუთაისის საკრებულოში “ევროპული საქართველოს” წევრს მერაბ მეშველიანს თანაპარტიელი კოტე რატიანი შეცვლის. საკითხს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
რატიანი წლების წინ ქუთაისის მერის მოადგილე და შესყიდვების და საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელი იყო. კოტე რატიანი ამბობს, რომ ქალაქის პრობლემები კარგად იცის და კონკრეტულ საკითხებს საკრებულოზე აუცილებლად დააყენებს.
“მაქვს ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად გავივლი. აუცილებლად დავაყენებ ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე. ჩვენდა სამწუხაროდ პრობლემები ძალიან ბევრია. ხელისუფლება არაფერს აკეთებს მის მოსაგვარებლად. ამ ქალაქს წაართვეს ფუნქცია და ქალაქი დაპაუზებულია. ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული ხედვა ქალაქთან და ქუთაისელებთან მიმართებაში,”- ამბობს კოტე რატიანი.