ბოლო ასეთი შემთხვევა 17 ივლისის სხდომაზე მოხდა, როცა მერიამ სსიპ-ად გადაკეთებული არქიტექტურის ა(ა)იპ-ი ისევ გააუქმა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ასეთი სსიპის დაფუძნების უფლება მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს. არადა, წინა სხდომაზე მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე აცხადებდა, რომ სსიპ-ის შემნის უფლებას, რომელიც მშენებლობაზე ფასიან ნებართვებს გასცემდა და ამით ბიუჯეტიც ისარგებლებდა, “თვითმმართველობის კოდექსის” 156 მუხლში შეტანილი ცვლილება იძლეოდა.
ამავე მიზეზით დააფუძნა მერიამ ერთი წლის წინ არქიტექტურის ააიპი, თუმცა, მოგვიანებით გაარკვია, რომ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს ფასიანი მომსახურების გაწევის უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მისი სსიპ-ად გადაკეთება, მაგრამ ცოტა ხანში ისევ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტს არც ამ ცვლილების განხორციელების უფლება ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ მერიას შეცდომის მეორედ აღიარება მოუწია და დაფუძნებული სსიპ-ი ისევ გააუქმა.
ა(ა)იპ – არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.
სსიპ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.