ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზა გაიხსნა

1155

შემდეგი სტატია

ქვეყნის პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად შაბათს, 18 ივლსს აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზა გახსნა.

ახალი ოთხზოლიანი გზა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.

საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

პრემიერმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა და გიორგი შაქარშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

გახარიას თქმით, საქმესთან დაკავშირებით მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს.

„მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.

მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა იქნება დასჯილი.

შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერმინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს“,  -თქვა გახარიამ.

ლანჩხუთში სტუმრობისას, გახარია საარჩევნო თემასაც შეეხო და თქვა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საარჩევნო სიის რომელი ნომერი იქნება და არც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობაზე არ უფიქრია.

„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია აქ, რაღაც ინტრიგაა. დაველოდოთ ცოტა ხანი. მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სიის ნომრით რომელი ვიქნები, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია“, – თქვა  გიორგი გახარიამ.