გახარია: ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით

426

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარია კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნებს ჩაატარებენ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და `ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში.

„ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდგომ შენება ყოველდღიურად დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყნის, ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ ამიტომ. პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად, არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეები, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს.