ომბუდსმენის შეფასებით, აუცილებელია სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა გაიზარდოს

540

სახალხო დამცველის შეფასებით, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მონიტორინგისა და არსებული მარეგულირებელი აქტების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია გაიზარდოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა.

როგორც ნინო ლომჯარიამ მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე სპეციალური ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებს განუცხადა, მონიტორინგის შედეგად რიგი პრობლემები გამოვლინდა.

“ჩვენ განვახორციელეთ “სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი. ამ მიზნით მოვინახულეთ 70-მდე სოფლის ამბულატორია და შევამოწმეთ პირველადი ჯანდაცვის სერვისების საქმიანობის ეფექტურობა. რა თქმა უნდა, აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რადგან პირველადი ჯანდაცვის სისტემა და სერვისები არის ის მექანიზმი, რომელმაც ადრეულ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს დაავადების გამოვლენა, პრევენცია და რეფერირება. თუმცა, ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ადგილზე, რეგიონებში. ხშირ შემთხვევაში ინფასტრუქტურული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, ბევრ ადგილზე სუფთა წყალი საერთოდ არ მიეწოდება ამბულატორიებს, ძალიან დაბალია სოფლის ექიმის ანაზღაურება, ხშირად ისინი შეთავსებით რამდენიმე ადგილზე მუშაობენ, მათ უწევთ საკუთარი მცირე ხელფასით შეიძინონ მედიკამენტები. გარდა ამის, ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტზე კომუნიკაცია შეუძლებელია, რაც ართულებს იმას, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეიყვანონ, ან ნახონ პაციენტის წინარე ისტორია სხვა დაავადების შესახებ, რაც აუცილებელია ჯანდაცვის მომსახურების გაწევისთვის. ასევე, კვალიფიკაციისა და გადამზადების პრობლემები არსებობს. ვფიქრობთ, საკმაოდ მწვავე და მასშტაბურია პრობლემები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვსურს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბროთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს,”- განაცხადა ლომჯარიამ.