გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “ეკო” კურორტ გომისმთასთან არსებული ჭინჭაოს ტბის გაყიდვის გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
“ეკოს” ხელმძღვანელის, ირმა გორდელაძის განცხადებით, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ჭინჭაოს ტბისა და გომისმთა – ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზის გარკვეული მონაკვეთის გაყიდვა:
“ბატონ ზურაბ მენაბდეს 2008 წელს ქონების მართვის სამინისტრომ იჯარით გადასცა 25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, როგორც ალპური საძოვრები კურორტ გომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გადაცემულ მიწის ნაკვეთში შესულია ჭინჭაოს ტბა, მიწი ნაკვეთში ასევე შედის გომისმთა – ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზაც.
მიმდინარე, 2020 წლის 22 იანვარს ეს იჯარით გადაცემული ტერიტორია კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირა ოზურგეთის იუსტიციის სახლმა, რის შედეგადაც მივიღეთ ის, რომ საქართველოში დღეს თურმე ტბებიც იყიდება, ამ შემთხვევაში საუბარია უნიკალურ კრატერული წარმოშობის ჭინჭაოს ტბაზე, რომელსაც ტურისტული თვალსაზრისით უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი გააჩნია.
არავითარი წინააღმდეგობა და ცუდი განზრახვა ამ ადამიანის მიმართ არ მალაპარაკებს, მაგრამ მივიჩნევ რომ შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიონ და გაგვცენ პასუხი რა მოხდა და რაც მოხდა – მოხდა თუ არა კანონიერების ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მდინარეები, მთები, ხეობებიც კერძო პირების ხელში აღმოჩნდება,” – განაცხადა გორდელაძემ.
ზურაბ მენაბდე კატეგორიულად უარყოფს ჭინჭაოს ტბის შესყიდვას და აცხადებს რომ ნახაზში ტბის მოხვედრა არის შეცდომა რაც, მისივე თქმით, ამ დღეებში გასწორდება:
“არ არის ეს ინფორმაცია სწორი, მე ეს ტერიტორია 25 ჰექტარი ალპური საძოვრები იჯარით ავიღე 1999 წელს, 2008 წელს კი ეკონომიკის სამინისტროსაგან გამოვისყიდე, საუბარი არის ჭინჭაოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბაც და მისასვლელი გზაც ამ შესყიდულ ნაკვეთში არ შედის”, – გვითხრა მენაბდემ.
ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.
ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა, ძალიან ლამაზია და ასეთ სიმაღლეზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჭინჭაოს ტბასთან გადის გომისმთა – ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზა, რომლის სიგრძეც 40 კმ – ია. გომისმთიდან ბახმაროსკენ მიმავალმა შეგიძლიათ გზად იხილოთ ეს სილამაზე, დატკბეთ მშვენიერი ხედებით და გზა განაგრძოთ.
მანძილი გომისმთიდან 11 კმ-ია, თბილისიდან 350 კმ. ტრანსპორტით შესაძლებელია მისვლა ოზურგეთამდე, შემდეგ ტაქსით გომისმთამდე, გომისმთიდან კი მიდის, როგორც საფეხმავლო ბილიკი, ასევე გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით.