“ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

426

საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში 4 ივლისს მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა სამხარეო რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში 4 ივლისს „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალაა გამოცემა „მთის ამბებმა“ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა. სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში სავარაუდოდ შემთხვევით შეხვდნენ. გამოცემის ცნობით, სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებული.