გახარია: მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 59 სოფელს, მათ შორის, გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს მიენიჭება

782

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, იზრდება იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთაც მაღალმთიანის სტატუსი ექნებათ. კერძოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე გომის მთას მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭებათ.

გიორგი გახარიას თანახმად, მთლიანობაში ამგვარია 59 დასახლებული პუნქტი, მათ შორის გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 სოფელი.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 000 მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღსდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობენ.