პოლიციამ გურჯაანში მოვაჭრეებს აქციის გამართვის და გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა

434

გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციის გამართვა და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

აქციის მონაწილეების თქმით პროტესტი ბაზრის მესაკუთრის მიერ, ჯიხურების ნგრევას მოჰყვა. მათი ინფორმაციით, ბაზრის მეპატრონე ახალი ჯიხურების მშენებლობას და 500 ლარიანი ქირის დაწესებას აპირებს.

,,მეპატრონემ ღამით დაანგრია ჯიხურები და არ გვაძლევს მუშაობის საშუალებას. ვიცით, რომ აპირებს 500 ლარიანი ქირის დაწესებას, რასაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ვითხოვთ შეაჩეროს ეს პროცესი და მოგვცეს მუშაიბის საშუალება. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები აქციებს გავაგძელებთ”,– განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ლია ქართველიშვილმა.

ობიექტების ნგრევა გასულ კვირას დაიწყო და ჯამში 30–მდე ჯიხურის ხელახალი მშენებლობაა დაგეგმილი. ბაზრის მფლობელის, ნუკრი ლიპარტაშვილის ინფორმაციით, დასაქმების მსურველი არცერთი პირი უსამსახუროდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, დავა ბაზრის მფლობელსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს შორის რამდენიმე ათეულ წელზე მეტია გრძელდება.