2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, “გირჩი” მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, “Tesla”-ს ავტომობილებს გაათამაშებს. მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წახალისებაა.
Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას. ამ მოწოდებას “გირჩი” “ფეისბუქზე” ავრცელებს.
რა არის ამისათვის საჭირო?
- დარეგისტრირდით “გირჩის” პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში.
- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას.
- იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).
- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ამ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.
“როგორც ცნობილია, პარლამენტში გასულ პარტიებს მიღებული ხმების მიხედვით, ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები ეკუთვნით. “გირჩს” მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან არასწორი და არასამართლიანია. ზუსტად ამის გამო, პოლიტიკოსები და მათი პარტიები მეტწილად არაგულწრფელები და კორუმპირებულები არიან. სწორედ ამიტომ, “გირჩი” ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც პოლიტიკოსებს და პარტიებს მხოლოდ მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები დააფინანსებენ და არა განურჩევლად საქართველოს ყველა მოქალაქე. ამის მაგალითს “გირჩი” და მისი პოლიტიკოსები იძლევიან.
ახალ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ “გირჩი” ამ დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტს შეიტანს. ხოლო მანამ, სანამ ეს დაფინანსება გაუქმდება, “გირჩი” მისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო თანხას სხვადასხვა კანონიერი ფორმებით გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნებს.
“გირჩი” არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ, ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს “გირჩი”, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla გათამაშდება.
“გირჩს” მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. Tesla-ს პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, წაახალისოს, რათა, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს “გირჩი” არჩევნებზე, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი “Tesla”-ები გათამაშდება, მაგალითად: 50000 ხმის მიღების შემთხვევაში “გირჩი” წელიწადში 5 “Tesla”-ს, 4 წელიწადში კი, 20-ს გაათამაშებს, – აცხადებს გირჩი.