დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 629 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.
კორექტირებული სია სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება. წყალტუბოში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები
140 ბინიდან, 40 ერთოთახიანია, 80 – ოროთახიანი, 20 კი სამოთახიანი.
ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:
ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა; ოროთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა;
სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატისისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ წყალტუბოში, კიდევ ექვსი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას, დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.