გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი უძღვებოდა, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასა და მათთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს. შესაბამისად, კომიტეტმა მეორე და მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა გამოიტანა, კერძოდ კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა კოლეგებს ცვლილებების არსი. საქმე ისაა, რომ იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი და მასში შედის „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ნაწილი, აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა არსებულ კანონში ცვლილების შეტანა.
კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, განიხილა, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს არსებითი ცვლილება არ განუცდია.
მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილეს ასევე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტებს მეორე მოსმენისთვის არსებითი ცვლილებები არ განუცდია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იქმნება კიდევ ორი ახალი დაცული ტერიტორია – არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნაში დაცული ტერიტორიების ფართობი.
„2012 წლიდან დღემდე, შევქმენით 26 ახალი ტერიტორია, სამი დაცული ტერიტორია გაფართოვდა და ჯამში 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, რაც დაახლოებით 4%-ია. მანამდე ქვეყნის ტერიტორიის 7% გახლდათ დაცული ტერიტორიების ფართობი და კიდევ დამატებით დაახლოებით 4,15%-ით გაიზარდა. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა და, თავის მხრივ, ეს ახალი დაცული ტერიტორიები, რომელსაც ვქმნით – თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები თავისი მოცულობით და ფართობით არის საკმაოდ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დაცულობის ქვეშ იქნება საქართველოსთვის ლანდშაფტურად გამორჩეული ეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს წარუდგინა მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც საბოლოო – III მოსმენით განიხილეს. შენიშვნები კანონპროექტის მიმართ არავის ჰქონდა.
იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი, კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორია სამინისტროს ხედვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსურ უზრუნველყოფასთან და საკადრო საკითხთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დამატებითი ფინანსური სახსრები დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ დაცული ტერიტორიები ძირითადად საკუთარ შემოსავლებზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით ვიზიტორების რაოდენობიდან გამომდინარე. სწორედ ამ სახსრების აკუმულირებით ხდებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, ადმინისტრაციების დაარსება და ა. შ. წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა, სააგენტოს გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოექმნა, თუმცა სამინისტროს დონორებთან ჰქონდა საკმაოდ აქტიური კოორდინაცია და წელს მათი მხრიდან მნიშვნელოვანი საგრანტო დახმარებები გამოიყო, რამაც უზრუნველყო მიმდინარე პროექტების განხორციელება, თუმცა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, რამდენიმე პროექტი მაინც შეფერხდა.
„ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზება დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის იმისთვის, რომ ის გეგმები და პროექტები, რაც სააგენტოს აქვს როგორც ადმინისტრაციული შენობების დაარსების, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობის თუ სხვა მიმართულებით, შეუფერხებლად განხორციელდეს. ასევე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ პარალელურ რეჟიმში დონორებთანაც აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ სახსრების მობილიზება მოხდეს. საბიუჯეტო თანხები ცხადია, რომ ამ დაცული ტერიტორიებისთვის, რომლებიც 2021 წლიდან შეიქმნება, გათვალისწინებული იქნება და, შესაბამისად, რეინჯერების ხელფასები თუ მათთვის აუცილებელი აღჭურვილობა, აუცილებლად გათვალისწინებული გვექნება. თუმცა ყველა შემთხვევაში, ამ ნაწილში თქვენი მხარდაჭერა საბიუჯეტო პროცესების განხილვის დროს იქნება მნიშვნელოვანი,“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, რაც შეეხება საკადრო საკითხს, დაცულ ტერიტორიებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ხდება იქნება ეს რეინჯერის პოზიცია, თუ ვიზიტორთა ცენტრებში დასაქმებული სპეციალისტები, რომელთაც გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, შემდეგში კი პერიოდულად ხდება მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
კომიტეტმა ყველა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.