მარნეულის სოფელ თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად მერიამ 408 452 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

888

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2020 წლის 8 ივლისს, სოფელ თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების შესრულებისათვის 408 452 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მერიას 2019 წლის 29 იანვარსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ტენდერში შპს „ანანა“-მ გაიმარჯვა, რომელმაც მარნეულის მერიას დარბაზის აშენება 777 777 ლარად შესთავაზა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ახალი ტენდერის გამოცხადება შპს „ანანა“-სთან შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო გახდა საჭირო.

„კომპანიამ, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს ვერ გაართვა თავი ობიექტის დასრულებას შეექმნა პრობლემები. თავისთავად ცხადია, რომ მიდიოდა საჯარიმო სანქციებზე რამდენჯერმე ვადების გაგრძელება მოხდა, მაგრამ მაინც ვერ დაასრულა სამუშაოები. ბოლოს მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა. საზედამხედველო ორგანიზაციამ მოახდინა გადაფასება, შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებს შორის სხვაობა და შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი, ველოდებით ახალ გამარჯვებულ კომპანიას რათა გააგრძელოს სამუშაოები,“ – ამბობს ზაურ ტაბატაძე

ზაურ ტაბატაძის განმარტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „ანანა“-ს შავ სიაში შეყვანისათვის საბუთები შესაბამის ორგანოს უკვე გადაუგზავნა.

ამ ეტაპზე თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მხოლოდ „შავი კარკასია“ აშენებული. შენობას სახურავი ჯერ კიდევ არ ადგას.

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.