დაშბაშის კანიონზე 50 მილიონი ლარის კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება

943
წყარო: georgian travel guide

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. პროექტი წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ დაშბაშის კანიონზე მოეწყობა.

პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაშბაშის კანიონი დაათვალიერა, რომელიც ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

“ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის,“ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული – ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია.