გომისმთა, ახალი გზა და მის კვალდაკვალ ალუმინის, ოქროსა და თიხის საბადოები

2178

ადგილობრივი ხელისუფლება კურორტზე უკანონო მშენებლობების მასიური დემონტაჟისათვის ემზადება. ცენტრალური ხელისუფლებისათვის კი გომისმთა არა ტურიზმთან, ან დასვენებასთან – არამედ ოქროს, ალუმინისა და თიხის საბადოებთან ასოცირდება. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

27 ივლისს გახდება ცნობილი ის კომპანია, რომელიც გახდება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული და განახორციელებს საუკუნის პროექტს ოზურგეთისა და გურიისათვის, რაც ბჟუჟჰესიდან კურორტზე მშენებარე ეკლესიამდე თანამედროვე გზის მშენებლობაწს გულისხმობს.

თუმცა, მანამდე, ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიმართეს თხოვნით დაუყოვნებლივ განახორციელოს მთელი რიგი სამუშაოები, რათა არ მოხდეს პროექტის განხორციელების გაჭიანურება.

როგორც ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თემურ ჭანუყვაძე აცხადებს, კომპანიები, რომლებიც გზის ტენდერში მონაწილეობენ, შეშფოთებულები არიან იმით, რომ იქ სადაც გზა უნდა გავიდეს, დასასვენებლი სახლებია აშენებული და საინტერესო ისაა, რომ უმრავლესობა მათგანი პანდემიის პერიოდშია აშენებული.

ჭანუყვაძის განცხადებით, ყველა ამ მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ამისათვის კი მის სამსახურს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.

ამასობაში ვრცელდება ხმები, რომ კურორტზე დაგეგმილი გზის მშენებლობა მთლად ტურიზმისა და კურორტის ინტერესებში არ შედის და ამის უკან დიდი ბიზნეს ჯგუფების მისწრაფებები ჩანს.

ირკვევა, რომ გომისმთის გზის მიდამოებში არსებობს ოქროს, ალუმინისა და თიხის საბადოები, რაზეც თვალი გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე დაადგეს.

“გურიის მოამბემ” გაარკვია, თიხის საბადო, რომლითაც შესაძლებელია ფაიფურის წარმოება – გომისმთის გზის ვაკე-საირმის ტერიტორიაზეა და მასზე გაცემულია 25 წლიანი ლიცენზია, რომელსაც ერთერთი კომპანია უკვე ფლობს.

რაც შეეხება ოქროს საბადოს, ის ბჟუჟჰესის მიმდებარე ტერიტორიაზეა და მის დაუფლებისათვის რამდენიმე კომპანია უკვე იბრძვის და წიაღის ეროვნულ სააგენტოს ეს ტერიტორია გასაყიდად და სამუშაოების დაწყებისათვის უკვე გამზადებული აქვს.

როგორც ოზურგეთის მერიაში ამბობენ, ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ტენდერის გამოცხადება ვერ ხერხდება, სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით წიაღის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის მერიამ უარი უთხრა საბადოს რეალიზაციის დაწყებაზე.

ასევე აცხადებენ, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ამ დღეებში კვლავ აპირებს აღნიშნულიო ტერიტორიის გასხვისებას, ამისათვის კი ადგილობრივი მოსახლეობის დასათანხმებლად პრეტენდენტი კომპანია ხალხში, მათ დასათანხმებლად შეხვედრებს იწყებს.

ამ ეტაპზე არ საუბრობენ გომისმთასთან ალუმინის საბადოს ადგილმდებარეობაზე, ამბობენ, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებითაც ინტენსიურად მუშაობს, თუმცა, კონკრეტიკისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.