ქუთაისში, ბალახვნის ასასფეხურიან კიბესთან სასტუმროს მშენებლობა ქალაქისთვის მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ერთი წლის წინ სახელმწიფოს მიერ გაყიდულ მიწაზე, სადაც 50 ნომრიანი სასტუმრო შპს “ქუთაისი ინნს” უნდა აეშენებინა, ბანერიც კი არ დგას. ადგილზე სამუშაოები არც კი დაწყებულა. დაზიანებულია ღობეც, რომლითაც კომპანიამ ტერიტორია შემოღობა. ამიტომ ადგილზე შესვლა მარტივად არის შესაძლებელი, რის გამოც ტერიტორია დანაგვიანებულია.
ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც მიწის ნაკვეთი გაყიდა, აცხადებენ,რომ აუქციონის პირობები სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღის განსაზღვრას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, კომპანიას დრო ჯერ კიდევ აქვს. რატომ მიატოვა კომპანიამ სახელმწიფოსგან ნაყიდი 2250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, უცნობია. “ქუთაისი ინნთან” დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ბალახვნის კიბეებთან 2250 კვ.მ, რომელზეც ქუთაისის მერია და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, საბოლოოდ სახელმწიფომ აუქციონზე გაყიდა. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ბალახვნის კიბის რეკონსტრუქციის პროექტში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა, საკითხს ის ართულებდა, რომ მიწა სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. ნაკვეთის კიბეებთან ახლოს მდებარეობის გამო, ქუთაისის მერია დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა ეკონომიკის სამინისტროს მიწა ქალაქისთვის გადაეცა, რათა მისი რეკონსტრუქციის პროექტში ჩართვა მომხდარიყო, თუმცა, უწყებამ მერიის თხოვნა არ გაითვალისწინა და ტერიტორია გაასხვისა.
აუქციონის პირობების მიხედვით, “ქუთაისი ინნმა” ადგილზე სულ მცირე 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და 20 ადგილობრივი დაასაქმოს. ვალდებულების შესასრულებლად კი 42 თვიანი ვადა მიეცა, საიდანაც 11 თვე უკვე გასულია.
რაც შეეხება თავად კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში იგი სულ ორი თვის დაფუძნებული იყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ შპს სპეციალურად ამ აუქციონში მონაწილეობის მისღებად შეიქმნა. კომპანიას შვიდი მეწილე ჰყავს. მისი დირექტორი და 12%-ინი წილის მფლობელი კი ვლადიმერ ჯაოშვილია. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და მისი ყველა მეწილის საცხოვრებელ ადგილად თბილისია მითითებული.