კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ბევრი შემომწირველი ჰყავს – სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი

890

”ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, ბევრი შემომწირველიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნება“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პარტიებთან შედარებით, რადგან მისი შემოწირულება გაცილებით სოლიდურია, კალაძემ აღნიშნა, რომ შემოწირულობები საარჩევნო პროცესის თანმდევი ნორმალური პროცესია.

“სავარაუდოდ, წინასწარ დაიწყო პარტიაში შემოწირულობების გაკეთება, რადგან ძალიან მალე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს ნორმალური პროცესია და იგი სიახლეს არ წარმოადგენს. მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განმარტებით, როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატი, იგი საარჩევნო პროგრამის საკითხებით არის დაკავებული.

”მე ვარ მერობის კანდიდატი და დაკავებული ვარ პროგრამაზე მუშაობით, რომელსაც შევთავაზებთ თბილისს – თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც აწუხებს დღეს თბილისის მოსახლეობას, იყოს დროულად მოგვარებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 1 278 000 ლარს შეადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი