გორის მაჟორიტარი: მდუმარე დეპუტატი ვარ, მაგრამ ბევრ სასიკეთოს ვაკეთებ მოსახლეობისთვის

480

გორის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური მოახლოებულ საარჩევნო კამპანიაში ისევ ჩაერთვება. განიხილავს თუ არა თავს მომდევნო, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრად თავს, ხუბულური ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია.

რაც შეეხება განვლილ პერიოდს, თენგიზ ხუბულური იოსებ მაკრახიძესთან ერთად “მდუმარე დეპუტატების” სიაში აღმოჩნდა. ამ საკითხზე პარლამენტარს საკუთარი პოზიცია აქვს და აცხადებს, რომ საქმის გასაკეთებლად ტრიბუნის გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“კი ვარ მდუმარე დეპუტატი, მაგრამ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებ ხალხისთვის. რა ვქნა გამოვიდე და ადამიანები ვლანძღო? ან ვინმეს შეურაცხყოფები მივაყენო, რაც ხშირად ხდება? ყველა ის საკითხი, რაც ჩემს მუნიციპალიტეტს სჭირდება, დაყენებული მაქვს პარლამენტში, ყველა დონეზე. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, სკრაში ახალგაზრდული ცენტრის გახსნა მინდოდა და არჩევნებამდე ვერ მოვასწარი ამ საკითხის დაყენება და სისრულეში მოყვანა. სამომავლოდ აუცილებლად ისევ გავამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე, რომ ტერიტორიაზე, სადაც ძველის სკოლის მყარი შენობაა, მინდა რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განვითარების ცენტრი იყოს. რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია, მაგრამ ვისაც კი მოუმართავს ჩემთვის, უყურადღებოდ არავინ დამიტოვებია”, – ამბობს თენგიზ ხუბულური.

გარდა ამისა,ხუბულურ აცხადებს, რომ 2016 წელს მისი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ გორში სპორტკომპლექსი აშენდებოდა და დაპირება შეასრულა.

რაც შეეხება ხარვეზებს, რის გამოც ობიექტი 3 წლის განმავლობაში ვერ გაიხსნა, პარლამენტარი ამბობს, რომ ეს მას აღარ ეხება და იმედი აქვს, რომ კომპლექსი ფუნქციონირებას მალე დაიწყებს.

“რომ არ ფუნქციონირებს ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის? მე დავპირდი მოსახლეობას, რომ გორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი ექნებოდა და შევასრულე. ეს საკითხი ჩემი დაყენებული იყო პარლამეტნში, კომიტეტის სხდომაზე. გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და გორში აშენდა მშვენიერი სპორტის სასახლე. თუ რამე პატარა ხარვეზია, მომავალში ალბათ გამოსწორდება”, – გვითხრა ხუბულურმა.

გორში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ ასრულებდა.

ამ კომპანიასთან მაშინდელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შპს „სპორტმშენსერვისმა“ ხელშეკრულება 2016 წლის 4 ოქტომბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც ობიექტი სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ობიექტი ამ დრომდე უფუნქციოა და არ გახსნილა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი დამკვეთ უწყებას ლონდონის სასამართლოში უჩივის.