ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

429

ახალციხეში მცხოვრები დავით აბდუშელიშვილი, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული, წლებია საცხოვრებელ კორპუსზე ლიფტის დამონტაჟებას ითხოვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში შშმ პირს ოთხი წელია ეუბნებიან, რომ საკითხს იკვლევენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

დავითს ცხრა წელია გადაადგილება არ შეუძლია. იგი ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წელს დაპირებული ლიფტის გაკეთება ერთი თვის წინ, წერილობით შეახსენა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

„მერიიდან მიმდინარე წლის იანვარში შემოირბინეს და ეგ იყო. ერთი თვის წინაც მივწერე წერილი, არ მიპასუხეს, არ ვიცი რატომ მატყუებენ. ლიფტების ხელოსანი წინა წლის ნოემბერში მოვიდა. მითხრა, მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს, მერე მე მოვალ და დავამონტაჟებო“, – ამბობს აბდუშელიშვილი.

ახალციხის მერიაში აბდუშელიშვილის ამბავზე მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხს იკვლევენ: „სპეციალისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, ვიკვლევთ როგორ შეიძლება გაკეთდეს“.

აბდუშელიშვილის პრობლემის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ 2016 წლიდან წერს. ყოფილმა მაიორმა, რომელმაც ტრამვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2011 წელს მიიღო, ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარება ჯერ იდევ 2015 წელს სთხოვა. 2016 წელს ახალციხის მერის ყოფილმა მოადგილე ზაზა გელაძემ განაცხადა, რომ “აქტიურად ეძებდნენ კომპანიას, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა და ლიფტს დაამონჟებდა”.