შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სარწყავი არხი რეაბილიტირდება.
„სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას.
ჩატარებული სამუშაოები სოფელ ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის 525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულებაა 2 817 000 მლნ ლარი.
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ. ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.