ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების პარალელურად, სანიაღვრე ქსელის მოწყობაც დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები, გოფრირებული მილები 527 გრძივ მეტრზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.
„დაახლოებით, 60 წელია სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ძალიან დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – აღნიშნა ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 583 000 ლარს დახარჯავს.