მესტიის სოფელ იდლიანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ლოკალიზებულია

570

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

ადგილობრივების თქმით, იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც დასახლებული პუნქტს უახლოვდებოდა და რამდენიმე ოჯახს საფრთხეს უქმნიდა, ლოკალიზებულია.

„გუშინდელთან შედარებით დღეს ვსუნთქვათ. ვერტფრენები მოვიდნენ და თითქმის ჩააქრეს. კვამლი ისევ ფიქსირდება, მაგრამ ნაკლებია. ვფიქრობ ამ ეტაპზე საფრთხე არ გვემუქრება“,-ამბობს იდლიანის მკვიდრი ავთანდილ კვანჭიანი რადიო ათინათთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ხაიშის თემში ხანძარი 5 ივნისს ტყის მასივში გაჩნდა. მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესტიის სოფელ იდლიანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი თანდათან დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდებოდა და საკარმიდამო ნაკვეთებამდე 200-300 მეტრი იყო დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ათინათი გაავრცელა.

გამოცემასთან სოფლის რწმუნებული ბეჟა ჭკადუა ამბობდა, რომ უ ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოხერხდებოდა, შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გამხდარიყო საჭირო.

„ვერტმფრენს, რომელიც ახლა მთის მხარეს აქრობს ხანძარს, ვთხოვეთ ახლა აქეთ წამოვიდეს. თუ ასე გაგრძელდა ძალიან საშიში იქნება… ახლაც, უკვე ძალიან ძლიერი დაკვამლიანებაა. სტიქიასთან ახლოს ყველაზე ახლოს ორი ოჯახია, სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ცეცხლთან“, – თქვა ბეჟან ჭკადუამ.

რწმუნებულის ინფორმაციით, სტიქიასთან ახლოს 10-მდე ოჯახი ცხოვრობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი სვანეთში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანში იმყოფება, სადაც უკვე მეორე დღეა ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სახანძრო ბრიგადებს მუშაობა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძნელდებათ.

“თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ მიუდგომელი ადგილია და სამაშველო ბრიგადები ადგილზე ვერ გადიან. თუმცა დილიდან არის ჩართული 2 ერთეული ვერტმფრენი და ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ლოკალიზება. სამწუხაროდ, ეს ჯერ ვერ მოხერხდა. სანამ იქნება შესაძლებელი და იქნება ხილვადობა სამუშაოები გაგრძელდება, დილიდან კი განახლდება ხანძრის ლოკალიზება.ამ ეტაპისთვის, როგორც ასეთი მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, თუმცა თუ ეს დადგება დღის წესრიგში, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოახდენენ ადგილობრივების ევაკუაციას. იმედია რომ ეს არ გახდება საჭირო”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.