კურორტ გომისმთის მიმართულებით გადაადგილება ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით გუშინ საღამოდან შეიზღუდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
როგორც ოზურგეთის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე აცხადებს, გადაადგილების შეზღუდვა, კონკრეტულად კი სამშენებლო მასალების კურორტზე ატანის აკრძალვა, გომისმთაზე უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების ნაწილია.
თოთიბაძის თქმით, კურორტზე რამდენიმე პროექტის განხორციელება, მათ შორის გზის გაყვანა იგეგმება, მასიურად მიმდინარე უკანონო მშენებლობები კი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:
“ამ დღეებში, საჯარო რეესტრი დაიწყებს განცხადებების მიღებას იმ პირებისაგან, ვისაც, ან ვის ოჯახსაც კურორტზე უკვე ჰქონდა კოტეჯები და მიწა, დაიწყება მათი ხელახალი რეგისტრაცია, მანამდე ყოველგვარი აქტივობა უკანონოა და ხელისუფლება არანაირ ქმედებებს არ დაუშვებს” – თქვა მერის მოადგილემ.
როგორც სოფელ გომიდან – შემოქმედის თემი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – გვატყობინებენ, პოლიციას შლაგბაუმი კურორტამდე 16 კილომეტრში, გომისმთისა და ბჟუჟჰესისაკენ მიმავალ გზაგასაყართან აქვს გაკეთებული, საიდანაც ვრცელდება უკვე შეზღუდვა.
ამასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გტავაზობთ სრულად:
დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია განცხადებაში.”
ნათქვამია მერიის განცხადებაში.