გამქრალი რეკრიაციული ზოლი ბათუმში

487

მრავალსართულიან კორპუსს შეწირული ასწლოვანი ევკალიპტები. ხელისუფლებას ხალხის ინტერესზე მეტად ინვესტიცია აინტერესებს. ბათუმში, ინასარიძის 24 ნომერში, „ძალა ერთობაშია 2006“-ის ამხანაგობის წევრები ბათუმის მერიის წინააღმდეგ არიან. როგორც ამტკიცებენ, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო, რომ შესაბამის სამსახურს არ გამოუკვლევია, რამდენად მიზანშეწონილია მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ინვესტიციის განხორციელება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

ბათუმში, ინასარიძის 24 ნომერში, პლაჟიდან 300 მეტრში, სამშენებლო კომპანია „როიალ ბულდინგმა “ 1925 კვ/მ მიწის ნაკვეთიზე, ოც სართულიანი  საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას  მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ასწლოვანი ევკალიპტები იყო გაშენებული, რომლის ნაწილიც მშენებლობის გამო გაჩეხეს, ნაწილი კი გადარგეს.

ამხანაგობის წევრები ამბობენ, რომ 2018 წელს, ბათუმის მერია, პროტესტის შეჩერების სანაცვლოდ, იქვე, ახალი სკვერის მოწყობას დაპირდა. დღეს ამ სკვერს ერთადერთი პალმა წარმოადგენს და ისიც გამხმარი.

ამხანაგობის წევრები ირწმუნებიან, რომ „როიალ ბულდინგმა“ ნებართვა ისე მიიღო, მერიის შესაბამის სამსახურს არ გამოუკვლევია, იყო თუ არა აღნიშნულ მისამართზე მშენებლობა შესაძლებელი. ის ფაქტი, რომ  დეველოპერულმა კომპანიამ ასწლოვანი ევკალიპტის ხეები გაჩეხა, ადგილობრივების განცხადებით, მერიის  სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს იძლევა. ამხანაგობამ, დახმარებისთვის, „ლელო საქართველოს“ მიმართა. პარტიამ კი თავის მხრივ მერიის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა.

„როიალ ბულდინგის“ იურისტი ამბობს, რომ კომპანია სამუშაოებს კანონის დაცვით ახორციელებს. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, აუცილებელი იმ ხეების მოჭრა გახდა, რომელთა ფესვთა სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული, რაც ხის წაქცევის საშიშროებას წარმოადგენდა.

ბათუმის მერიიდან მოკლე, წერილობითი პასუხი მივიღეთ, რომ მშენებლობის ნებართვა რეკომენდაციების დაცვითაა გაცემული. რაც შეეხება დაპირებას სკვერის მოწყობის თაობაზე, ჩვენი შეკითხვა უწყებაში უპასუხოდ დატოვეს.