საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება, ობიექტები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას

688

 

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

“აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას”, – აცხადებენ მთავრობაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათაორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა, საბოლოო რეკომენდაციები დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

საქმე იმაშია, რომ ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკება რეკომენდაციებთან დაკავშირებით სწორედ სპორტდარბაზებთან მიმდინარეობდა. მთავრობის შეთავაზება იყო, რომ სპორტდარბაზებში 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაეშვათ, ხოლო სპორტდარბაზების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ შემთხვევაში დარბაზში ძალიან ცოტა ადამიანის დაშვება იქნებოდა შესაძლებელი, რაც ხარჯებს გაუაზრებლად გაზრდიდა. მათი შეთავაზება 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას ითვალისწინებდა.

„ჩვენ მათთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა რეკომენდაცია ადაპტირებული იქნება იმ მოთხოვნაზე, რომელიც დღეს სექტორში არსებობს. მოკლედ, გეტყვით იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ფორმირების პროცესშია და დღის განმავლობაში გამოქვეყნდება:

ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება;
ვენტილციას მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელვნური ვენტილაციის შემთხვევაში პროტოკოლი ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული;
დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს მისი განიავება;
საშხაპეები უნდა გამოიყოს ტიხრებით, ასევე გამოსაცვლელი კარადები თითო ადგილის გამოტოვებით უნდა განლაგდეს;
პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით;
ჯგუფურ ვარჯიშებზე წესდება ლიმიტი, პროცედურა უნდა წარიმართოს არაუმეტეს 10 ადამიანისა”,  – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის თქმით, რაც შეეხება აუზებს, ამ შეთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების წარდგენა იქნება მთავარი მოთხოვნა და თუკი რაიმე გადახრა დაფიქსირდება, უნდა განხორციელდეს მიკრობიოლოგიური კვლევა.

“შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი მასალების გამოყენება და უნდა მოხდეს მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდგომ“, – განმარტავს ფერაძე.