საქართველოს მხოლოდ 1.83 მილიონ მოქალაქეს აქვს წვდომა საკანალიზაციო სისტემაზე, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
“2019 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა და 1.83 მილიონი (49.4 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 1.3%-ით და 1.36 მილიონი (36.5 %) შეადგინა,” – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
როგორც ირკვევა, უკანასკნელი წლების განმავლობაში რეგიონებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების შედეგად, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვისაც ამ სისტემებზე აქვს წვდომა.
რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდების სისტემას, ამ მიმართულებით ვითარება შედარებით უკეთესია და მოსახლეობის 67.7%-ს აქვს წვდომა სასმელი წყლის მომარაგების ცენტრალიზებულ სისტემაზე.
“2019 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 24 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 223.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.52 მილიონი მოსახლე (67.7 %), რაც 2.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,” – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.